ქუთაისის მერიამ ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟი გადაწყვიტა. როგორც ირკვევა, მისი აღება იმ სკვერის რეკონსტრუქციის დროს მოხდება, რომელშიც მონუმენტი დგას და რომელიც მის სახელს ატარებს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
ქალაქის მერი ამბობს, რომ უნდა დაიწყოს მსჯელობა, იმაზე თუ რისი ან ვისი ხილვა სურთ ქუთაისელებს წითელარმიელი რევოლუციონერის ნაცვლად.
“მისი ადგილი იქ არ არის. დავიწყებთ მსჯელობას საზოგადოებასთან, თუ რა წარმოუდგენიათ მის ნაცვლად. ძეგლს, რა თქმა უნდა, არ გადავაგდებთ, მისი ადგილი კომუნისტური სიმბოლიკების ეზოშია”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
მისი თქმით, კიკვიძის ძეგლის ადგილზე, ერთ-ერთ ვერსიად ეროვნული მოძრაობის მონუმენტის მოწყობა განიხილება.
ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟს ადგილობრივები წლების განმავლობაში ითხოვდნენ. სამი წლის წინ მერიამ ამ საკითხზე გამოკითხვაც კი ჩაატარა. მაშინ, ძეგლის ადგილზე, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მონუმენტის ჩამოსხმა იგეგმებოდა, თუმცა, საბოლოოდ ეს იდეა არ განხორციელდა.
ვასილ კიკვიძე 1895 წელს ქუთაისში დაიბადა. იგი ახალგაზრდა ასაკიდანვე ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, 1917 წელს კი სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის სამხედრო-რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. ბოლშევიკური რეჟიმის აქტიური მხარდამჭერი ვასილ კიკვიძე, 1917-1918 წლებში მონაწილეობდა უკრაინის განმათავისუფლებელი ბრძოლის წინააღმდეგ წარმოებულ შეტაკებებში.
ისტორიული წყაროების მიხედვით, იგი უშუალოდ იყო ჩართული უკრაინის ქალაქ ჟიტომირის აღებაში, რომელიც ქუთაისის დაძმობილებული ქალაქია.