რადიო მოზაიკა: გორის მერიის აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს თანამდებობის დატოვებაზე განცხადებებს აწერინებენ

526

გორის მერიის აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებების დაწერას სთხოვენ.  “რადიო მოზაიკას” ინფორმაციით, განცხადებების დაწერა სამსახურის ყველა თანამშრომელს, რეორგანიზაციის ოფიციალურად გამოცხადებისთანავე, მოსთხოვეს.

აღსანიშნავია, რომ პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა უკვე დატოვა სამსახურის უფროსმა, თამარ ზურაბაშვილმა.

“პირადი განცხადების დაწერა არის ადამიანის გათავისუფლების საფუძველი, რაც ყველა დაქირავებულს უნდა ახსოვდეს. თუმცა იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ ამ განცხადების იძულებით დაწერა, აუცილებელია, მოხდეს მოკვლევა, თუ რატომ, რა საჭიროებების გამო დაწერა ადამიანმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ პირადი განცხადება და სწორედ ამ მოკვლევის საფუძველზე მოხდეს მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება”, – ამბობს ქეთევან ბებიაშვილი, საიას გორის ოფისის ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, რომ 9 ივნისს, გორის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ბრძანების საფუძველზე, გორის მერიაში რეორგანიზაცია დაიწყო.