მარნეულის მერიის შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციისა და მერიის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია/კეთილმოწყობის ტენდერები კიდევ ერთხელ ჩაიშალა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
21 აპრილს, მერიის შენობის რეაბილიტაციისათვის, გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს „აიტინეომ“ მიიღო მონაწილეობა, რომელმაც მერიას შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია 189 175 ლარად შესთავაზა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების შესყიდვის ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის შესაბამისად, შპს „აიტინეომ“ ვერ დააკმაყოფილა ტენდერის პირობები, რადგან 2019 წლის პირველი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე კომპანიას უნდა ჰქონოდა შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები, რომელთა ღირებულებაც 1 059 300 ლარზე მეტი უნდა ყოფილიყო. შპს „აიტინეომს“ სწორედ ამიტომ მიენიჭა დისკვალიფიკაცია, რადგან მის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება 1 004 042 ლარს არ აღემატება.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ მარნეულის მერიის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია/კეთილმოწობის სამუშაოების შესყიდვისათვის პირველი ტენდერი 2022 წლის 18 მარტს, ხოლო მეორე ტენდერი კი, 18 აპრილს გამოაცხადა. აღნიშნულ ტენდერებში მონაწილეობა არც ერთ კომპანიას მიუღია.
მარნეულის მერიამ შენობისა და მიმდებარე ეზოს რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის ტენდერები უკვე მესამედ, დღეს, 14 ივნისს, გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების ღირებულება მერიას არ შეუცვლია. მერიის შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების შესყიდვისთვის თვითმმართველობა 235 396 ლარის, ხოლო, მერიის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია/კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვისთვის 720 702 ლარის დახარჯვას გეგმავს.