ხაშურში ტატამის გასაშლელად იატაკს ვერ აგებენ, მიზეზად კი უკრაინის ომს ასახელებენ

540

ხაშურის სპორტულ სკოლაში საჭიდაო დარბაზის იატაკის მოწყობა აპრილში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, მოჭიდავეებისთვის ტატამი ამ დრომდე ვერ გაშალეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

კომპანია “ფერთანათების” წარმომადგენელი ირწმუნება, რომ იატაკისთვის საჭირო ხის მასალა, რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ვერ შეიძინა. ხაშურის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა თანამშრომლებს ინფორმაციის გადამოწმება დაავალა. როგორც აღმოჩნდა, მერმა მსგავსი ხის მასალა საქართველოს ბაზარზე, კომპანია “ეკოვუდის” საწყობში იპოვა. თენგიზ ჩიტიაშვილმა “ფერთანათებას” ურჩია, რომ ხის მასალა “ეკოვუდისგან” შეეძინა, ხოლო, საჭიდაო არენის მოწყობა დროულად დაემთავრებინა. თუმცა, როგორც “ფერთანათების” წარმომადგენელმა განაცხადა “ეკოვუდს” არ გააჩნდა ზუსტად იმ ზომისა და წონის ხის მასალა, რომელიც ხაშურის საჭიდაო არენას სჭირდებოდა.

მერიასა და კომპანიას შორის დავა აპრილსა და მაისში გაგრძელდა. საბოლოოდ კი, ხაშურის მერმა “ფერთანათებასთან” ხელშეკრულება გაწყვიტა და საჭიდაო არენის იატაკის მოსაწყობად კი, ახალი ტენდერი გამოაცხადა.

უნდა აღინიშნოს, რომ “ფერთანათებამ” 2022 წლის თებერვალში ტენდერში, დაახლოებით, 86 000 ლარად გაიმარჯვა. კომპანიას უკვე გადაურიცხეს 46 000 ლარი. ხაშურის მერიამ ახალი ტენდერი 77 000 ლარად გამოაცხადა. “ფერთანათებას” კი, პირგასამტეხელო დააკისრა და გაფრთხილების სიაში შეიყვანა.