ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ 13 ივნისის სიმბოლოდ ქცეული ჰიპოპოტამ “ბეგის“ ქანდაკება გაიხსნა.
მოქანდაკე ერეკლე წულაძის ქანდაკება ქალაქ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გახდა, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის მოვლენებს ეძღვნებოდა. ქანდაკება უჟანგავი და უმაღლესი ხარისხის ფოლადისგან, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით დამზადდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში, გარე სივრცესა თუ ინტერიერში, მსგავსი ტიპის ნამუშევარი პირველად განთავსდა.
„დღევანდელი დღე ნაწილობრივ სასიამოვნოა, რადგან გაიხსნა იმ ბეჰემოთის ქანდაკება, რომელიც იმ რთულ დღეს ქალაქში დინჯად დააბიჯებდა – ქალაქში, რომელიც გაუბედურებული იყო, მუხლებზე იდგა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ქანდაკება „მზიურის“ პარკში განთავსებულიყო. ვისურვებდი, რომ ამ ქანდაკების ირგვლივ იყოს მუდამ ჟრიამული, სიხარული, ბედნიერება და წარმატება. სულ სიძლიერე ჰქონდეს ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს და ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია ბეჰემოთი “ბეგის” ქანდაკების დადგმას ჯერ კიდევ 2019 წელს აანონსებდა. მაშინ მერიაში აცხადებდნენ, რომ ქანდაკებას 2020 წლის 13 ივნისს დადგამდნენ.
2015 წლის 13 ივნისს თბილისში, მდინარე ვერეს ადიდების შედეგად, 23 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 2 უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მათ შორის, გარდაიცვალა მეხანძრე-მაშველი ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც სტიქიის ზონაში 7 ადამიანის გადარჩენა შეძლო, თვითონ კი დაიღუპა.
სტიქიის შედეგად დაზარალდა 200-ზე მეტი ოჯახი. განადგურდა 84 და დაზიანდა 158 საცხოვრებელი სახლი, ასევე, ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი – გზები, ხიდები, გვირაბები… მთლიანად დაიტბორა “მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია. სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა დიდი ნაწილი.
ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შემდეგ აღდგენით სამუშაოებზე 40 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
მომხდარი სტიქიიდან შვიდი წელი გავიდა.