მზიურის პარკში ბეჰემოთი “ბეგის” ქანდაკებას 13 ივნისს გახსნიან

845

13 ივნისის სიმბოლოდ ქცეული ბეჰემოთი „ბეგის“ ქანდაკება სიმბოლურად მიმდინარე წლის 13 ივნისისს გაიხსნება. მოქანდაკე ერეკლე წულაძის ნამუშევარი „ბეგი“ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩა.

„ნამუშევარი მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია. ქანდაკება უკვე ადგილზეა, თუმცა, ახლა კეთილმოწყობის სამუშაოებია ჩასატარებელი. მათ შორის, გასაკეთებელია აუზი და გამწვანება. ოფიციალური გახსნა სიმბოლურად 13 ივნისს იქნება.

“ბეგი ამიერკავკასიაში პირველი სკულპტურაა, რომელიც მთლიანად უჟანგავი მასალითა და ტექნოლოგიითაა შესრულებული“ – განმარტავს ერეკლე წულაძე და ქანდაკების ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია ბეჰემოთი “ბეგის” ქანდაკების დადგმას ჯერ კიდევ 2019 წელს აანონსებდა. მაშინ მერიაში აცხადებდნენ, რომ ქანდაკებას 2020 წლის 13 ივნისს დადგამდნენ.

2015 წლის 13 ივნისს თბილისში, მდინარე ვერეს ადიდების შედეგად, 23 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 2 უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მათ შორის, გარდაიცვალა მეხანძრე-მაშველი ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც სტიქიის ზონაში 7 ადამიანის გადარჩენა შეძლო, თვითონ კი დაიღუპა.

სტიქიის შედეგად დაზარალდა 200-ზე მეტი ოჯახი. განადგურდა 84 და დაზიანდა 158 საცხოვრებელი სახლი, ასევე, ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი – გზები, ხიდები, გვირაბები… მთლიანად დაიტბორა “მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია. სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა დიდი ნაწილი.

ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შემდეგ აღდგენით სამუშაოებზე 40 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.