არჩილ ჩიქოვანი “საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ ვიცეპრეზიდენტად აირჩიეს

416

„საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს რიგით XXXIX სხდომა გურჯაანის მუნიციპალიტეტში გაიმართა. სხდომის წევრების გადაწყვეტილებით, ასოციაციის პირველი ვიცეპრეზიდენტის პოსტს, კვლავ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ტყემალაძე დაიკავებს. მეორე ვიცეპრეზიდენტად კი, საბჭოს წევრებმა, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი – არჩილ ჩიქოვანი აირჩიეს.

გასვლით სხდომაზე გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაციის პროცესში ასოციაციის როლსა და ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის საკოორდინაციო საბჭოს, როგორც აღნიშნულ პროცესში ერთი-ერთი მთავარი აქტორის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

„მადლობა მინდა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. უდიდესი პასუხისმგებლობაა, იყო საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი. მზად ვარ აქტიური თანამშრომლობისთვის. მნიშვნელოვანია თვითმმართველობის ასოციაციის როლი, როგორც მუნიციპალიტეტებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმართებაში. დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის საქმიანობა კიდევ უფრო წარმატებული იქნება. ჩვენ ერთობლივად შევძლებთ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას“, – აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.

აღნიშნული სხდომა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა, რომელსაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს ახლადარჩეული წევრები, ასევე ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე – ნათია ღვინაშვილი და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.