თელავის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას 24 მილიონი მოხმარდება

260

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია თელავის წყლის სისტემის მშენებლობის მეორე ეტაპს ახორციელებს.

უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებულია ქალაქის 79 კმ ქსელის მოწყობა. პროექტის ფარგლებში, ასევე, რეაბილიტირდება 5 არსებული და აშენდება 3 ახალი ჭაბურღილი, მოეწყობა რეზერვუარები და სისტემების მართვის თანამედროვე სისტემა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, არსებული წყალმომარაგების სისტემა ამორტიზებულია, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.

“პროექტის განხორციელების შედეგად, ქალაქში წყალმომარაგების პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება და ადგილობრივი მოსახლეობა, უწყვეტი წყლის მიწოდებით იქნება უზრუნველყოფილი. პროექტს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით დაახლოებით 24 მილიონი ლარი მოხმარდება. თელავში უკვე დასრულდა წყალარინების თანამედროვე გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, ასევე მოწყობილია წყალარინების ქსელი”,- აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.