კრწანისის ტყე-პარკში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

469

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ხორციელდება პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“, რომელიც მიზნად ისახავს ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებასა და გაძლიერებას, – ამის შესახებ აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათი ინფორმაციით, „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს კრწანისის ტყე-პარკის შიდა 7,5 კილომეტრიანი გზების რეაბილიტაცია. აღნიშნული სამუშაოები, სრულად მოაწესრიგებს სარეაბილიტაციო მონაკვეთებზე საგზაო ინფრასტრუქტურას, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. გზის აღდგენის სამუშაოები განხორციელდება ეტაპობრივად და 3 თვის განმავლობაში დასრულდება.

„პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ განხორციელდება 2021-2024 წლებში და ის დაეხმარება ველური ბუნების სააგენტოს გააუმჯობესოს მართვის ეფექტიანობა და ხელი შეუწყოს საქართველოს ველური ბუნების მდგრად მართვას.

პროექტი სრულ თანხვედრაშია საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში არსებულ პრიორიტეტებთან. პროექტის საერთო ღირებულებაა 6 802 343 ევრო, ხოლო ველური ბუნების სააგენტოს საგრანტო ბიუჯეტია 2 919 714 ევრო“, – აცხადებენ სამინისტროში.