ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრები ოჯახებისთვის ბინების განაწილების კრიტერიუმები შემუშავდა

510

“ოცნების ქალაქის“ საცხოვრებელი ბინების განაწილების კრიტერიუმებზე შესაბამისმა კომისიამ  მუშაობა დაასრულა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დადგენილი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით საცხოვრებელ ბინებს შშმ პირები, სპეციალური სამედიცინო საჭიროების, ასევე, სოციალური ქულების მქონე მოქალაქეები, მარტოხელა მშობელი, მარჩენალდაკარგული, ეკომიგრანტები, იძულებით გადაადგილებული და სხვა პირები მიიღებენ.

“კომისიის შემადგენლობამ როგორც მთავრობის, ასევე, სხვა მხარეების ჩართულობით შეიმუშავა და წარმოადგინა საბოლოო კრიტერიუმები, რომელიც ადგენს საკმაოდ სამართლიან სტანდარტს. მინდა მადლობა გადავუხადო კომისიას პირველ რიგში და ასევე აღვნიშნო, რომ ამ კრიტერიუმებით “ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების აბსოლუტური უმრავლესობა დაკმაყოფილდება შესაბამისი საცხოვრებლით.

კომისიის მუშაობაში ოცნების ქალაქის მოსახლეობა, საერთაშორისო ორგანიზაცია იუნისეფი და წითელი ჯვარი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შემუშავებული კრიტერიუმების გათვალისწინებით, საცხოვრებელი ბინები, შესაბამისი სოციალური მდგომარეობის და საჭიროების მქონე ოცნების ქალაქში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს გადაეცემა”, – აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ გაცხადება დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, პარალელურად, “ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება. პროექტის ახალი ეტაპი უვე მთლიანი ტერიტორიის დაგეგმარებას, სწორ ურბანულ განვითარებას, საგანმანათლებლო, საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცეების შექმნას გულისხმობს.

„ოცნების ქალაქში“ დამატებით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი აშენდება. მეორე ეტაპის ფარგლებში, ასევე, ტერიტორიაზე საპარკინგე ზონა, საბავშვო მოედანი, საფეხმავლო და ველობილიკები და გარეგანათებები მოეწყობა. საცხოვრებელი სახლები გაზმომარაგების, წყლისა და წყალარინების სისტემებით აღიჭურვება. მოქალაქეებს ადგილზე სხვადასხვა სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა ექნებათ.

მეორე ეტაპი განაშენიანების დეტალურ გეგმას და ამავე გეგმის მიხედვით ერთ-ერთ კვარტალში, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტის მომზადებას ითვალისწინებს.

“,,ოცნების ქალაქის“ პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში კი, სამშენებლო სამუშაოები, შესაბამისი რეკომენდაციების  დაცვით უწყვეტად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, „ოცნების ქალაქის“ სამშენებლო ტერიტორიაზე სამი 12 სართულიანი საცხოვრებელი ბინის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, დაახლოებით 582 ბინა მოეწყობა. სამუშაო პროცესში დაახლოებით 120 ადამიანია დასაქმებული.

“ოცნების ქალაქის” მშენებლობის გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ იქ არსებული მძიმე სოციალური და შეუსაბამო საცხოვრებელი პირობების გამო მიიღო”, – განმარტავენ აჭარის მთავრობაში.