ხაშურში მოსახლეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვს, თუმცა, მერია გზების რეაბილიტაციას წყალმომარაგების კომპანიის მიერ ჩასატარებელი სამუშოების გამო ვერ იწყებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“ხაშურში ქუჩების უმეტესი ნაწილი პრობლემურია, მაგრამ რეაბილიტაციას ვერ ვატარებთ, რადგან ველით წყლისა და კანალიზაციის პროექტის დაწყებას, რაც მერე აუცილებლად გამოიწვევს ქუჩების გადათხრას. შესაბამისად, სახელმწიფო რესურსის რაციონალიზაციის მიზნით, ვერ ვაკეთებთ ამ ეტაპზე. ჩვენი ინფორმაციით, მიმდინარე წელს უნდა დაიწყოს”, – ამბობს ნინო სუხიაშვილი ხაშურის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.
წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით კი, ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი მიმდინარეობს და სამშენებლო სამუშაოების დაწყება მიმდინარე წლის დეკემბერშია დაგეგმილი.