ხაშურის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პირველი ეტაპი დასრულდა

357

ხაშურის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პირველი ეტაპი, საპროექტო იდეების მიღება, დასრულებულია.

24 მაისს მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს მორიგი სხდომა ჩატარდა, რომელსაც ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად ქურდაძე და საბჭოს სხვა წევრები ესწრებოდნენ.

“საბჭომ იმსჯელა მონაწილეობითი ბიუჯეტირების პირველ ეტაპზე წარმოდგენილი განაცხადების შესახებ. განსახილველად შემოსულია 153 საპროექტო იდეა. აქედან 44 იდეა ქვიშხეთიდან, 32 იდეა – სურამიდან, ხოლო ყველაზე მეტი – 77 საპროექტო იდეა ცხრამუხიდან.

საპროექტო იდეები ძირითადად საგზაო, კულტურულ-დასასვენებელი და სპორტული ინფრასტრუქტურის, ასევე, წყლის სისტემის მოწესრიგებას ეხება.

საბჭოში წარმოდგენილ ინფრასტრუქტურის განვითარების, ეკონომიკის და საფინანსო სამსახურებს დაევალათ დეტალურად იმუშაონ წარმოდგენილი საპროექტო იდეების წინასწარ გაცხადებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის საკითხებზე და მოამზადონ არგუმენტირებული დასკვნები.

უახლოეს პერიოდში, არგუმენტირებული დასკვნების მომზადების შემდეგ, საბჭო გამოაცხადებს იდეებს, რომლებიც გადასულია კენჭისყრის ეტაპზე. კენჭისყრა მიმდინარე წლის 4-5 ივნისს ჩატარდება”, – განმარტავენ თვითმმართველობაში.