მარნეულის კულტურის ცენტრის მიერ დაგეგმილი მულტიეთნიკური ფესტივალი “შინის” კულტურული ღონისძიების ორგანიზებისათვის 22 000 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა. იგივე ტენდერი კულტურის ცენტრმა 11 მაისსაც გამოაცხადა, თუმცა, პრეტენდენტის მიერ დაუზუსტებელი ინფორმაციის გამო, ტენდერი შეწყდა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
ახალი ტენდერი 20 მაისით თარიღდება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტი გეგმავს თევზის, სოკოს, მთვარისა და გულის ფორმის ბუტაფორიების შესყიდვას. იგეგმება ვინტაჟური ავეჯის, რეტრო სარკის, დეკორატიული ფიგურების, ჭაღების და ფარდების ყიდვაც.
ტენდერი ითვალისწინებს მომღერლების მოძიებასაც.
• ქართული მრავალხმიანობის შემსრულებელი, ეთნომუსიკოლოგი ქალი (30–45 წლამდე
• აშუღი ქალი აზერბაიჯანული ფოლკლორი შემსრულებელი (30–45 წლამდე)
• სომხური ფოლკლორის შემსრულებელი ქალი (25–35 წლის)
ფესტივალი “შინ“ მანრეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში, მდინარე ალგეთის ჭალებში, გაიმართება. კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, იგეგმება რომ მულტიეთნიკურმა ფესტივალმა ტრადიციული სახე მიიღოს, ფესტივალის გამართვის ადგილმდებარეობა კი ყოველწლიურად შეიცვლება და მარნეულის სხვადასხვა სოფლებში ჩატარდება.
“ფასტივალი არ იქნება მხოლოდ მუსიკალური, აქ იქნება გამოფენები შესაბამისი დეკორაციით რაც წარმოაჩენს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების კულტურას, მათ შორის, რა თქმა უნდა, ქართულ კულტურასაც. იქნება გარკვეული პერფორმანსები, მუსიკალური ნაწი სადაც იქნება შერეული, მულტიეთნიკური, რეპერტუარი“-, თქვა ნატო შავიშვილმა.
ფესტივალის ჩატარების სავარაუდო თარიღად 12 ივნისი განიხილება.