თელავის საკრებულო ავტობუსების მოძრაობის მარშუტების დამტკიცების შესახებ იმსჯელებს

498

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ წარმომადგენლობითი ორგანოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს სხდომაზე მუნიცილაური ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშუტების დამტკიცების შესახებ იმსჯელებენ, რომელიც 8 ითვალისწინებს სამარშრუტო მიმართულებას, რაც მოიცავს ქალაქ თელავსა და სოფლებს – ვარდისუბანს, კურდღელაურსა და შალაურს.

გარდა ამისა, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები ასევე მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტს განიხილავენ.

პროექტის მიხედვით, შეღავათი შეეხება პენსიონერებს, იძულებით გადაადგილებული პირებს, ვეტერანებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, თელავის მუნიციპალიტეტის უმწეოთა და უპოვართა სამსახურის ბენეფიციარებს, სტუდენტებს და ა.შ.

„თავდაპირველად მერიის მიერ წარმოდგენილ პროექტში იყო 6 სამარშრუტო მიმართულება, თუმცა ინფრასტრუქტურის კომისიამ რეკომენდაციით მიმართა მერიას, რომ 2 სამარშრუტო მიმართულება დამატებოდა, რომელიც კურდღელაურს, ვარდისუბანსა და შალაურს მოიცავს. მერიამ კომისიის რეკომენდაცია გაითვალისწინა“, – განაცხადა საკრებულოს სოციალური, იურიდიულ საკითხთა, ინფრასტრუქტურის, საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ლევან კოჭლოშვილმა.

საკრებულოს სხდომა 31 მაისს, 12 საათზე ჩაინიშნა.