თბილისში ავტობუსის 5 ახალი და მიკროავტობუსის 3 ახალი მარშრუტი ამოქმედდება

633

შემდეგი სტატია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილების გაუმჯობესებისთვის ავტობუსის 5 ახალი და მიკროავტობუსის 3 ახალი მარშრუტი ამოქმედდება.

როგორც მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება მომატებული მგზავრთა ნაკადის გამო მიიღეს.

„თბილისის მერია მუდმივად ახორციელებს მონიტორინგს სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების კუთხით. ჩვენ უდიდესი რეფორმა წამოვიწყეთ და ამ რეფორმის ფარგლებში მთლიანად ჩავანაცვლეთ ავტობუსები. ეს ნამდვილად არ იყო მარტივი საქმე. მთლიანად განახლდა ავტობუსების პარკი, ახალი ავტობუსები შემოვიყვანეთ, ასევე მიკროავტობუსები მთლიანად განახლდა. გარკვეული დისკომფორტი შეიძლება რაღაც მიმართულებით იყოს იმიტომ, რომ ბევრი სიახლეა, ბევრი ახალი მარშრუტი. ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით და მონიტორინგს ვუწევთ, თუ სად არის პრობლემა „პიკის საათში“, სად, რომელ მარშრუტს უწევს გასვლა და ა.შ. სად გვიწევს ავტობუსის თუ მიკროავტობუსის დამატება. შესაბამისად, ეს მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება. ამიტომ, გვაქვს უკვე მონიტორინგიდან მიღებული შედეგები.

4 ივნისიდან დედაქალაქში ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდება. გარკვეულ მარშრუტებზე მოძრაობა ინტერვალის შემცირებისთვის იგეგმება. მომატებული მგზავრთა ნაკადის გათვალისწინებით, სხვადასხვა მიმართულებით გადადგილების გაუმჯობესებისთვის ავტობუსის 5 ახალი და მიკროავტობუსის 3 ახალი მარშრუტი ამოქმედდება“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საზოგადოებას მიეწოდება ზუსტი და კონკრეტული ინფორმაცია, სად ინიშნება ახალი ავტობუსები და ახალი მიკროავტობუსი.