ქვემო ვაშლოვანში ახალი სკოლა და საცხოვრებელი კამპუსი აშენდება

490

ქვემო ვაშლოვანში ახალი სკოლა და საცხოვრებელი კამპუსი აშენდება. აჭარის ა.რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ მშენებლობაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით აშენდება ორი შენობა.

“სკოლის სამსართულიანი კორპუსი, რომელიც გათვლილი იქნება 350 მოსწავლეზე. სკოლაში განხორციელდება გაძლიერებული სწავლება საბუნებისმეტყველო საგნებისა და უცხო ენების მიმართულებით. საკლასო ოთახების გარდა, შენობაში განთავსდება ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, სააქტო დარბაზი 200 მაყურებელზე.
სკოლაში მოეწყობა სპორტდარბაზი – სამაყურებლო აივნით. ასევე, აშენდება საცხოვრებელი კამპუსი 150 მოსწავლისათვის.

გარდა ამისა,  სკოლის ეზოში არსებულ ღია მოედანს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია და მოეწყობა ტრიბუნები 250 მაყურებელზე”, – განმარტავენ მერიაში.

მათივე ცნობით, შენობა იქნება სრულად ადაპტირებული და ენერგოეფექტური.

პროექტის ღირებულება 10 283 087 ლარია. სამუშაოების დასრულებისთვის 36 თვეა განსაზღვრული.