თელავის მერიამ რეკრეაციული სივრცეების მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა

275

თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ რეგიონულ დონეზე საგანმანათლებლო მიზიდულობის არეალის განვითარებისთვის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური სპორტული მოედნის, რეკრეაციული სივრცეებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 2 825 914 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სამოყვარულო ტურნირებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთის სტადიონი მოეწყობა, ასევე, გაკეთდება კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნები შესაბამისი განათების სისტემებით.

როგორც მერიაში განმარტავენ, დაგეგმილია ახალი სარბენი ბილიკის, ღია სავარჯიშო სივრცის, ღია ტიპის მაგიდის ჩოგბურთის და დასასვენებელ-რეკრეაციული სივრცის მოწყობა.

“არსებული მრავალფუნქციური სივრცე საშუალებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ასევე, უნივერსიტეტისათვის დამატებითი შესაძლებლობა იქნება სტუდენტების მოსაზიდად, რეგიონული ტურნირების ჩასატარებლად, რაც კიდევ უფრო გაზრდის თელავის, როგორც რეგიონული საგანმანათლებლო ცენტრის მნიშვნელობას.

პროექტი ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის სტრატეგიული მიზანია თელავის ურბანული ტერიტორიის ინტეგრაცია, რეგიონულ ცენტრზე ხელმისაწვდომობის ზრდა და ურბანული ტერიტორიების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს თელავის, როგორც რეგიონული ცენტრის განვითარებას”, -აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.