ეკონომიკის სამინისტრო ადგილობრივ ინვესტორებს წყალტუბოს განვითარების გეგმას უახლოეს პერიოდში წარუდგენს

465

ეკონომიკის სამინისტრო ადგილობრივ ინვესტორებს წყალტუბოს განვითარების გეგმას უახლოეს პერიოდში წარუდგენს, –  ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ წყალტუბოში ინვესტირების თვალსაზრისით დიდი დაინტერესებაა როგორც ქართული, ისე საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან.

“ჩვენ გვინდა კურორტის განვითარება მაღალი ხარისხის მომსახურების მიღების შესაძლებლობის გზით. იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო, აუცილებელი იყო, რომ ის ძირითადი მიზიდულობა, რაც წყალტუბოს აქვს, რამდენიმესთან ერთად, ეს არის უნიკალური წყლები, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში უნდა იყოს და მასზე თანაბრი წვდომა უნდა ჰქონდეს ყველა ინვესტორს, ვინც იქ შესაბამის ბალნეოლოგიურ ინფრასტრუქტურას განავითარებს. აქედან გამომდინარე, ჩვენს ინტერესში იყო, რომ სახელმწიფოს ჰქონოდა ეს აქტივი და სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იყო, როდესაც ერთ კონკრეტულ ლიცენზიანტს ეძლეოდა უფლება ამ უნიკალური ბუნებრივი რესურსის გამოყენების.

საინტერესო მომენტთან მივედით, როდესაც წყალი ხელმისაწვდომია და დაინტერესება ძალიან დიდია კერძო სექტორიდან. როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო კომპანიებისგან. ჩვენთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ინვესტორებმა შეძლონ ინვესტიციების განხორციელება. უახლოეს ხანებში გვექნება პრეზენტაცია კერძო სექტორთან. მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ პრივატიზების აქტიურ პროცესს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.