ცესკოს თავმჯდომარემ შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა

762

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ დღეს შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა და მედიას დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შესახებ. უცვლელად გთავაზობთ ცესკოს თავმჯდომარის განცხადებას:

„21 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები გაიმართება.

21 ოქტომბერს ამომრჩევლები  64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ.

2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის  წარმომადგენლობით ორგანოთა არჩევნებისთვის ცესკოში რეგისტრირებულია  22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და ერთი საინიციატივო ჯგუფი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ რეგისტრირებულია 200 საინიციატივო ჯგუფი.

არჩევნებისათვის რეგისტრირებულია მერობის 369 კანდიდატი, მათ შორის 13 თბილისში. რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატების რაოდენობა 4727-ს შეადგენს.  პარტიული სიების მიხედვით საკრებულოს წევრობის კანდიდატების რაოდენობა 12 902-ია.

3,644 (მათ შორის 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი) საარჩევნო უბანი სრულ მზადყოფნაშია არჩევნების ჩასატარებლად.

არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 54 000-ზე მეტი (54 389) წარმომადგენელი, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების 20 000-ზე მეტი (20 641)  და საერთაშორისო ორგანიზაციების 581 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 4000-ზე მეტი (4 820)  ჟურნალისტი.

21 ოქტომბერს, დილის 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად. საარჩევნო ოლქებს უკვე გადაეცათ ბიულეტენები, ოქმები და აქტიურად მიმდინარეობს საარჩევნო დოკუმენტაციისა და შესაბამისი მასალის უბნებზე გადაცემის პროცესი. საარჩევნო უბნები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. თითოეული უბნის წევრს გავლილი აქვს ტრენინგები და ისინი მზად არიან არჩევნების ჩასატარებლად.

ყველა საარჩევნო უბანზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2 გამადიდებელი ლინზა, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები ჩარჩო ფორმა. ყრუ და სმენადაქვეითებული, მხარდაჭერის მიმღები ამომრჩევლებისთვის  ყველა საარჩევნო უბანზე გამოკრულია ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერი. ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისთვის ხელმისაწვდომია 1153 საარჩევნო უბანი, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით.

ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 440 123 ამომრჩეველია. საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმების გამარტივების მიზნით, ჩვენ ამომრჩევლებს არაერთი ინოვაციური სერვისი შევთავაზეთ ამ არჩევნებისთვის;  აღსანიშნავია, რომ ამ სერვისებით 681 824-მა ამომრჩეველმა ისარგებლა.

თვითმმართველობის არჩევნებისთვის დაიბეჭდა 9 546 450 ბიულეტენი. აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობებისთვის ბიულეტენები დაიბეჭდა ქართულ-აზერბაიჯანულ და ქართულ-სომხურ ენებზე. ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე ბიულეტენები მიეწოდება 208 საარჩევნო უბანს, ხოლო ქართულ-სომხურ ენებზე – 133 საარჩევნო უბანს. ასევე, ოთხი საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება სამენოვანი ბიულეტენები (ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხურ ენებზე).

ინოვაციური სერვისი შევთავაზეთ ასევე ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს – ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრში ინფორმაციის მიღება მათ  ვიდეო ზარის განხორციელებით, ჟესტურ ენაზე შეუძლიათ.

მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის – შევქმენით ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამა, რომელსაც პრაქტიკულად ანალოგი არ აქვს. როგორც უკვე აღვნიშნე, არჩევნებს  საარჩევნო სუბიექტების 54 000-ზე მეტი წარმომადგენელი დააკვირდება, მათმა უმრავლესობამ, თითქმის 95%-მა ყველა დონის კომისიაში წარმომადგენელი ელექტრონული წესით  დანიშნა.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს აგიტაცია იკრძალება კენჭისყრის შენობაში. მოვუწოდებთ, როგორც ამომრჩევლებს, ისე საარჩევნო უბანზე მყოფ უფლებამოსილ პირებს, არ გამოცხადდნენ   პოლიტიკური სუბიექტების სარეკლამო/სააგიტაციო ატრიბუტიკით უბანზე. აღნიშნული ქმედება შეიძლება გახდეს  ფულადი ჯარიმის საფუძველი.

21 ოქტომბერს ასევე აკრძალულია ფასიანი ან უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში და არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დასრულებამდე.

ასევე შევახსენებთ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს და ადგილობრივ დამკვირვებლებს, რომ პროცედურების დარღვევებთან დაკავშირებით, დარღვევის აღმოჩენისთანავე განცხადება/საჩივრით უნდა მიმართონ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას; ხოლო თუ არ მოხდება საჩივარზე შესაბამისი რეაგირება, განმცხადებელს შეუძლია იმავე დარღვევაზე განცხადება/საჩივრით დაუყოვნებლივ მიმართოს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას. ამასთან შეგახსენებთ, რომ ცესკოში წარდგენილი ნებისმიერი საჩივარი, რომელიც შეეხება საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებს, კანონმდებლობის თანახმად დარჩება განუხილველი.

21 ოქტომბერს, 20:00 სთ-ზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.

შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა ხდება ცესკოში არსებულ შედეგების შეჯამების ცენტრში, სადაც ოპერატორებს შემაჯამებელი ოქმების მონაცემები სპეციალურ პროგრამაში შეყავთ.

ამასთან დაკავშირებით, დღეს წარმოგიდგენთ კიდევ ერთ ახალ ინიციატივას, რაც შედეგების შეჯამების პროცესში არასამთავრობო სექტორის უშუალო ჩართულობას გულისხმობს.

იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აქტიურად ესწრებიან ცესკოს სხდომებს,  ახორციელებენ ცესკოს საქმიანობის მონიტორინგს და მონაწილეობენ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ შედეგების შეჯამების პროცესში, კონკრეტულად, მათი დამკვირვებლები ცესკოს ოპერატორებთან ერთად სურვილის შემთხვევაში განახორციელებენ საუბნო შემაჯამებელი ოქმების მონაცემების შეყვანას სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების გამჭვირვალე და დემოკრატიულად ჩატარების მიზნით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს დააკვირდეს ცესკოში არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს facebook-ზე, Youtube-სა და ვებგვერდზე მოხდება.

24 საათიან რეჟიმში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრი – 2 51 00 51 და ონლაინ ჩატი.

21 ოქტომბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს მედია ცენტრი, სადაც მედიას და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე. დღის განმვალობაში მედიაცენტრში პერიოდულად გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები.

და ბოლოს,  მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.  ასევე, მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს საზოგადოებრივი ინტერესებისადმი პატივისცემით, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ  საარჩევნო პროცესს, იმოქმედონ კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვით, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარებასა და ამომრჩევლის ნების თავისუფლად განხორციელებას“ – განაცხადა თამარ ჟვანიამ.