ძალოვანი სტრუქტურები „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართული, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრმა, რევაზ ხარაზმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სუს-ის თანამშრომლები საარჩევნო პროცესებში სხვადასხვა ფორმით არიან ჩართული და კონკრეტულ დავალებებს გასცემენ.
რევაზ ხარაზის მტკიცებით, სოფელ ფუშრუკაულში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა სუს-ის ზემოქმედებით არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
„ისინი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდნენ. „ქართული ოცნების“ შტაბები რეგიონში აღარ არსებობს, ისინი სუს-ის შტაბებად გადაკეთდა. მინდა გითხრათ, რომ სოფელ ფუშრუკაულში, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა, სუს-ი პირდაპირ იყო ჩარეული. ზურაბ პატარაძემ, ირაკლი ერისთავმა, გოჩა ჯაშმა და სხვა მაღალჩინოსნებმა, ამ ადამიანს აიძულეს, რომ კანდიდატურა მოეხსნა. გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში, სოფელ ციხისძირში სუს-ის თანამშრომლები მოსახლეობას ხვდებოდნენ და შესაძლებელია, აიძულებდნენ კიდეც, რომ “ქართულ ოცნებას“ მისცენ ხმა“,- განაცხადა რევაზ ხარაზმა.
წყარო: ინტერპრესნიუსი