როგორ უნდა ისარგებლონ ფერმერებმა აგროქულებით  – სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

726

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგროქულებით სარგებლობასთან დაკავშირებით, ფერმერებისთვის ინფორმაციას ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, „ლიბერთი ბანკის“ აგრობარათებზე „სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის პროგრამით“ გათვალისწინებული ქულების დარიცხვა პოტენციური ბენეფიციარებისთვის ეტაპობრივად ხორციელდება.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია, ბარათის გასააქტიურებლად ან ახალი ბარათის ასაღებად, ბანკში ვიზიტამდე, „ლიბერთი ბანკის“ ვებგვერდზე თქვენს ბარათზე ქულების დარიცხვის შესახებ ინფორმაცია გადაამოწმოთ და „ლიბერთი ბანკის“ თქვენთვის მოსახერხებელ ფილიალს მხოლოდ ამის შემდეგ ეწვიოთ.

პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება ასევე შესაძლებელია „ლიბერთი ბანკის“ ცხელი ხაზის (2 55 55 00) მეშვეობით. ფერმერებს პროგრამის დეტალების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, ან პროგრამაში ჩართვასთან/პროგრამით სარგებლობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შეუძლიათ დაუკავშირდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს (1501).

„სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის პროგრამით“ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სუბსიდიის მოცულობა 1 ჰა-ზე 300 ლარით (აგრობარათზე დარიცხული 300 ქულით) განისაზღვრა. პროგრამის ფარგლებში სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰა-დან – 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები.

ქულების გამოყენება შესაძლებელია სპეციალიზებულ მაღაზიებში, სასოფლო-სამეურნეო საქონლის – ჰერბიციდები, პესტიციდები, სათესლე მასალები, სასოფლო სამეურნეო იარაღები, და სხვა – შესაძენად. მაღაზიების ჩამონათვალი, მისამართების მითითებით იხილეთ ბმულზე.

აგროქულების განაღდება, ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 180-ზე მეტ სპეციალიზებულ მაღაზიაშია შესაძლებელი. პროგრამის ბენეფიციარ ფერმერებს, ეტაპობრივად, 500-ზე მეტი სავაჭრო ობიექტი მოემსახურება.

აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი,“ – აღნიშნულია განცხადებაში.