“ყველაფერს მუნიციპალიტეტი ვერ გაგიკეთებთ” – ქარელის საკრებულოს თავმჯდომარე მოსახლეობას, რომელიც ხეების გადაბელვას ითხოვს 

356

„ყველაფერს მუნიციპალიტეტი ვერ გაგიკეთებთ”, – ასე უპასუხა ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჯუმბერ შუბითიძემ სოფელ მოხისის მოსახლეობას, რომელიც გზაზე ხეების გადაბელვა-გადაჭრას ითხოვს. ინფორმციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“სოფლის შესასვლელში ხეებია გადასაბელი, რის გამოც ხშირია ავარიის შემთხვევები,ამ ორი დღის წინაც ტრაქტორი იყო დაჯახებული. ქარელის მუნიციპალიტეტსაც მივმართეთ არაერთხელ ამ საკითხის მოსაგვარებლად, მაგრამ პასუხიც კი არ მიგვიღია დღემდე”, – ამბობს მოხისში მცხოვრები თამარ დიასამიძე.

საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ შუბითიძე ამბობს, რომ ამ პრობლემის მოგვარება თავად მოსახლეობასაც შეუძლია.

“კეთილმოწყობის სამსახურს დიდი 4 -მეტრიანი ხეების გადაბელვა ევალება, როგორც ვიცი მაგ ადგილზე პატარა ბუჩქნარია. ბუჩქნარის მოჭრა-მოსუფთავება კი, მოსახლეობას თავადაც შეუძლიათ, ყველაფერს მუნიციპალიტეტი ხომ ვერ გააკეთებს”, – განაცხადა ჯუმბერ შუბითიძემ.