პროკურატურა: ხობის მცხოვრებლებს ანაკლიის პორტის მშენებლობის გამო ჩამორთმეული მიწები დაუბრუნდებათ

505

გენერალურმა პროკურატურამ ხობის მცხოვრებლებისთვის მიწის ნაკვეთების უკანონოდ ჩამორთმევის კიდევ ორი ფაქტი გამოავლინა და დაზარალებულების უფლებების აღდგენის მიზნით, მათთვის კუთვნილი ქონებების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით, 2009-2010 წლებში ეკონომიკის სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით, მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელსაც ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი უნდა გამოყოფოდა. მიწის ნაკვეთის გამოყოფასა და ინვესტორისთვის გადაცემას, მათივე ცნობით ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ ამ ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობის გარკვეული ნაწილი ირიცხებოდა ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებად და ისინი შესაბამისი კომპენსაციის მიღების გარეშე საკუთრებას არ თმობდნენ.

პროკურატურის განმარტებით, პროცესის გამარტივების და მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემისგან თავის არიდების მიზნით, მაშინდელი ხელისუფლების ცალკეული მაღალი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა დანაყოფმა, საკუთრების უფლების უხეში დარღვევით, მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ და მათგან ფარულად, საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზი გადაგზავნა.

“აღნიშნულის საფუძველზე, 2 000 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა. მათ შორის აღმოჩნდა ადგილობრივი მცხოვრებლების მიწის ნაკვეთებიც ისე, რომ მოსახლეობას რაიმე სახის კომპენსაცია არ მიუღია, რითაც უხეშად დაირღვა მათი საკუთრების უფლება. სახელმწიფოს საკუთრებაში უსაფუძვლოდ დარეგისტრირებულ ნაკვეთებს შორის მოექცა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში მდებარე მალხაზი ძაძამიას მიწის ნაკვეთი ფართობით 506 კვ/მ და ნანული ძაძამიას მიწის ნაკვეთები ფართობებით – 3 253 კვ/მ და 4 420 კვ/მ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

პროკურატურა მიმართავს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, დაზარალებულ მოქალაქეებს დაუბრუნდეთ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული აღნიშნული მიწის ნაკვეთები.

რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, საგამოძიებო ორგანო ამბობს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, გამოძიების დასრულების შემდეგ, მათ მიმართ მიიღებს შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას.

მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება გრძელდება და ამ სქემით ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები ასევე ეტაპობრივად დაუბრუნდებათ სხვა დაზარალებულ მოქალაქეებსაც.