როდის დაიწყება მიწის სისტემური რეგისტრაცია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში

637

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები იწყება. მუნიციპალიტეტში მიწების რეგისტრაცია მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და 2024 წლის ოქტომბერში დასრულდება.

საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგი ასეთია:

2022 წელი –გომი – აპრილი; ალი – სექტემბერი; ფლევი – ნოემბერი; ოსიაური – დეკემბერი.

2023 წელი –სურამი – მარტი; ხაშური – ივნისი; ქვიშხეთი – ოქტომბერი; ხალები – ოქტომბერი; ხცისი – დეკემბერი.

2024 წელი –ცოცხნარა – აპრილი; წაღვლი – აპრილი; ცხრამუხა – ოქტომბერი; წრომი – ოქტომბერი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიწის სისტემურ რეგისტრაციას 2024 წლის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაასრულებს. მიწის სისტემური რეგისტრაცია არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და თვითმმართველი ქალაქების: თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავსა და ფოთს.

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს: მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.