რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქალაქში მიმდინარე პროექტებისა და პროგრამების ერთობლივი განხილვის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, რეგიონული მედიის შემდეგ, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა, რუსთავის მერმა მესამე სექტორთან გამართა. შეხვედრაზე, რომელიც დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის რუსთავის ოფისში გაიმართა, ნინო ლაცაბიძემ ოცამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის შეკითხვებს უპასუხა.
რუსთავის მერმა არასამთავრობო სექტორთან, ახალგაზრდულ და სტუდენტურ პროგრამებზე, არაფორმალური განათლების ხელშეწყობაზე, მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმაზე, ეკოლოგიურ პრობლემებზე, ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და ახალ დენდროლოგიურ პროექტებზე ისაუბრა.
,,დღეს შევხვდით რუსთავში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რაც რუსთაველებისთვის არის აქტუალური. საუბრისას გამოიკვეთა ახალგაზრდული პროექტების თემა, რა თქმა უნდა ვისაუბრეთ ეკოლოგიაზე, სოციალური პროგრამების გაუმჯობესების გზებზე. ჩვენ გავაგრძელებთ მსგავს შეხვედრებს. ცოტა ხნის წინ ანალოგიური შეხვედრა რეგიონულ მედიასთანაც გვქონდა. ვფიქრობ, რომ არასამთავრობო სექტორთან და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთობლივი მუშაობით შევძლებთ გამოვკვეთოთ ის საკითხები, რაზეც ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამ ქალაქში”, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
არასამთავრობო სექტორთან და რეგიონულ მედიასთან ანალოგიურ შეხვედრებს რუსთავის მერი გარკვეული პერიოდულობით სისტემატურად გამართავს.