ქარელის მერიას “არქი ჯგუფმა” შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში უჩივლა

287

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას კომპანია “არქი ჯგუფმა” შესყიდვების ეროვნული სააგენტოს დავების საბჭოში უჩივლა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცლებს.

“საჩივარი ეხება სატენდერო/საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებას და ვითხოვთ სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების გაუქმებას და კანონმდებლობის სრულ დაცვას, ობიექტურ და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას”, – განმარტავს კომპანია.

როგორც ცნობილია, 2022 წლის 18 მარტს ჩატარდა ელექტრონული ტენდერი, სადაც მონაწილეობდა არქი ჯგუფი და შპს მ-პროექტი. ტენდერი გამოცხადებული იყო წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მოწყობა და რეაბილიტაციისთვის.

“შპს “მ-პროექტი”-მა აღნიშნული ტენდერის ელექტრონულ სისტემაში ატვირთა შპს “საბა”-ს მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს”, – აღნიშნულია “არქი ჯგუფის” საჩივრის განცხადებაში.

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. უწყებამ ქარელის მერიას დაავალა გადახედოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას.