სოფელ წყალტუბოში ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის საჯარო სკოლა აშენდა

570

სოფელ წყალტუბოში ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის საჯარო სკოლა აშენდა.

240 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში შიდა სპორტული დარბაზი და გარე მოედანი, ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი, რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები მოეწყო. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. გარდა ამისა, შენობა სრულადაა ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პროექტი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ისტორიულ სოფელ წყალტუბოს შესაბამისი სასწავლო რესურსებითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი სკოლა ამ დრომდე არ ჰქონია.

სკოლის მშენებლობაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 691 400 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

ამ დროისათვის, სკოლაში დასაქმებული 29 თანამშრომლიდან, 23 მასწავლებელია. მათ შორის 7 წამყვანი, 12 უფროსი და 2 მოწვეული. ამასთან, 2018 წლიდან დღემდე სკოლას ჰყავს ვერცხლისა და ოქროს 4 მედალოსანი მოსწავლე.

აღსანიშნავია, რომ სოფელ წყალტუბოში, 1958 წელს, თავდაპირველად ოთხკლასიანი სასწავლებელი გაიხსნა, 1961 წელს კი, სკოლის დირექტორის, ქსენია კინწურაშვილის თაოსნობით სოფლისთვის ორსართულიანი კაპიტალური შენობა აშენდა, თუმცა, 2017 წელს ავარიულობის გამო, მისი დემონტაჟი განხორციელდა. 2017-2021 წლებში სკოლა ალტერნატიულ შენობაში ფუნქციონირებდა, კერძოდ, დაქირავებულ, ორ ორსართულიან კერძო სახლში.

ცნოიბისთვის, სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ 800 სკოლიდან, რომლებიც საქართველოს პრემიერმინისტრის ინიცირებული პროგრამის ფარგლებში, 2022-2026 წლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით აშენდება/რეაბილიტირდება.