თელავში მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოგვარებას ითხოვენ

2508

ქალაქ თელავში მოსახლეობა მიუსაფარი ძაღლების სიმრავლეზე ჩივის. ისინი აცხადებენ, რომ ქუჩაში მცხოვრები ცხოველები აგრესიით გამოირჩევიან და თითქმის ყოველდღიურად ფიქსირდება მათ მიერ ადამიანის დაკბენის ფაქტები. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

თელავში მცხოვრები თამარ მოდებაძე ერთ-ერთია, იმ ადგილობრივებს შორის, რომელიც მიუსაფარი და აგრესიული ცხოველების შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს. მისი თქმით, აღნიშნული პრობლემების მოგვარებისთვის შესაბამის სამსახურსაც მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

“მიუსაფარი ძაღლების სიმრავლე მაწუხებს ერთ, როგორც რიგით ადამიანსაც და მაწუხებს როგორც დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის თელავის ოფისის წარმომადგენელსაც, რადგან ჩვენთან მოსახლეობა ყოველდღე მოდის. ზოგი ჯოხით არის შეიარაღებული და ზოგიც ვერ შემოდის. ეს ძაღლები მშვიდები რომ იყვნენ და არ იყვნენ აგრესიულები, ხმას არ ამოვიღებდი, რადგან ცხოველები მეც მიყვარს, მაგრამ ისინი საფრთხეს გვიქმნიან. არაერთი ადამიანი დაკბინეს, მათ შორის მეც. იმ სპეციალურ სამსახურსაც არ აქვს სათანადო აღჭურვა, რომ აგრესიული ძაღლები დააკავონ. რომ დავრეკე მოვიდნენ, დააკავეს წყნარი ძაღლები და აგრესიულები ისევ კარებში სხედან”,- განუცხადა Knews.ge-ს თამარ მოდებაძემ.

აღნიშნულ პრობლემაზე საუბრობენ სხვა მოქალაქეებიც. მათი თქმით, ცენტრალურ გზებზე, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე თუ სხვა ქუჩებზე, მიუსაფარი ცხოველების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, რაც პრობლემას უფრო ამწვავებს.

მმართველი პარტიიდან თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, თინათინ ხანჯალიაშვილი აცხადებს, რომ მიუსაფარი ძაღლების პატრონობისა და მართვის წესის დამტკიცების მიზნით, საკრებულოში წარადგინა ინიციატივა, რომელზეც ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ჩართულობით საკრებულოში შეხვედრაც გაიმართა.

“ცხოველთა პოპულაციის მართვის წესი გულისხმობს მიუსაფარი ძაღლების შეგროვებას, სტერილიზაციას, ვაქცინაციას, მაიდენტიფიცირებელი ნიშნის დამაგრებას და შემდგომ მათ ბუნებრივ საცხოვრისში დაბრუნებას. ის ამავე დროს ითვალისწინებს ძაღლებისა და კატების პასპორტიზაციას, მათი მიკედლების წახალისებას და ცხოველთა და ადამიანთა უსაფრთხო თანაცხოვრებაზე საინფორმაციო კამპანიას. ამ მიდგომის თანმიმდევრული განხორციელების შემთხვევაში, გრძელვადიან პერსპექტივაში, თელავის მუნიციპალიტეტში დაცული იქნება ადამიანის და ძაღლების უსაფრთხო თანაცხოვრების უფლებები“, – განაცხადა თინათინ ხანჯალიაშვილმა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების მონაცემებით, ბოლო სამ წელში რეგიონში ცხოველებისგან დაკბენა-დადორბვლა- დაკაწვრის 12 304-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. 2018 წელს რეგიონში დაფიქსირდა 4 456 შემთხვევა, 2019 წელს 4 464 , ხოლო 2020 წელს -3 384.