თელავში “ველოფესტივალი 2022” გაიმართება

325

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბის ერთობლივი ორგანიზებით “თელავის ველოფესტივალი 2022” გაიმართება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ფესტივალი 7 მაისს 12:00 საათზე დაიწყება.

“ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს განურჩევლად სქესისა და ასაკის, ასევე, მონაწილეობის მსურველებს, რომელთაც ველოსიპედი არ აქვთ, თელავის მერია ღონისძიების მსვლელობისას სპორტული სტანდარტების 20 ველოსიპედს გადასცემს, რადგან ყველამ შეძლოს ველოფესტივალში სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა.

“თელავის ველოფესტივალი 2022” გაიხსნება VELO-RUN -ით, მონაწილეები სტარტს აიღებენ თელავის ფიქრის ხიდიდან მეფე ერეკლე II -ს მოედნის გავლით ნადიკვრის მიმართულებით, ნადიკვრიდან მსვლელობას განაგრძობენ ბარნოვის ქუჩით მეფე ერეკლე II -ს მოედანზე ჭავჭავაძის მოედნამდე (ქართუ ბანკის და პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორია).

ჭავჭავაძის მოედნის ბაღში (პირველი სკოლის და მეფე ერეკლე II – ს სასახლის გალავნის წინამდებარე ბაღში) ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება ველორბოლა PRO და მოყვარულთა კლასიფიკაციებში, თითოეულ კლასში ველორბოლა ჩატარდება სხვადასხვა სახეობებში: “ლევან ბადრიშვილის ტიპის ველოშეჯიბრი”, წყვილთა შორის რბოლა ფიგურული სლალომის სახეობაში (კონუსები), წყვილთა შორის რბოლა ფიგურული სლალომის სახეობაში (კონუსები, დაბრკოლებები, ტრამპლინი), დრიფტი მაქსიმალურ მანძილზე, Wheelie, Manual Wheelie, Stop Wheelie, Best Tricks (stunt), Bunny Hop, Track Stand (ბალანსი)

თითოეულ შეჯიბრში მონაწილეთა შორის მესამე ადგილოსანს მიენიჭება 1 ქულა, მეორე ადგილოსანს 2 ქულა, პირველ ადგილოსანს 3 ქულა. ყველა სახეობის შეჯიბრში მიღებული ქულები დაჯამდება და ველოფესტივალის დასასრულს გამოვლინდება მესამე, მეორე და პირველი ადგილოსნები, პირველ ადგილოსანს გადეცემა თასი და “King of Telavi Cycling Festival 2022” – ის ტიტული. გამარჯვებულებს დააჯილდოებს თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი’’,- აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.