დაბა სურამში ლესია უკრაინკას რეაბილიტირებულ ქუჩაზე ასფალტის სამუშაოები უხარისხოდაა ჩაატარებული. ამის შესახებ საზედამხედველო კომპანია “ოპტიმალ გრუპმა” ხაშურის მერიას აცნობა. საექსპერტო კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, ასფალტის ზედა ფენის სისქე მცირეა. ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს.
ხაშურის მერიამ საზედამხედველო კომპანიის დასკვნა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში წარადგინა.
“ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” დასკვნით, დადასტურდა ინსპექტირების ჯგუფის პოზიცია ასფალტის ზედა ფენის უხარისხოდ დაგებასთან დაკავშირებით.
ლესია უკრაინკას ქუჩაზე ასფალტი კომპანია “ქროსფოინტმა” დააგო. მერიამ ხელახალი სამუშაოების ჩატარება მოსთხოვა, თუმცა 2022 წლის თებერვლის მდგომარეობით, ხარვეზი არ გამოუსწორებია.
ამის გამო, “ქროსფოინტი” შავ სიაში ერთი წლის ვადით შეიყვანეს. კომპანია ,,ქროსპონტი” ტენდერებში მონაწილეობას 2023 წლის მარტიდან გააგრძელებს.
ხაშურის მერიაში განაცხადეს, რომ დღევანდელი მდგომარეობით ხარვეზი კომპანიამ აღმოფხვრა, თუმცა ვინაიდან მოწოდების ვადებიც დაირღვა (რადგან გამოსწორებასაც დრო დაჭირდა), შავ სიაში მაინც არის შეყვანილიო.