გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ კახეთში, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მარჯვენა მაგისტრალური არხის მეორე რიგის წყალგამანაწილებლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც ჯამში, 128 კმ სიგრძის დახურული მილსადენის მოწყობასა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობის მონტაჟს ითვალისწინებს.
მათივე ცნობით, 26 მლნ ლარის ღირებულების პროექტი მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ქალაქ საგარეჯოს, სოფლების: ნინოწმინდას, გიორგიწმინდასა და წყაროსთავის 5 000 ჰექტარზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორ თენგიზ ნასარიძესთან და მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის მენეჯერ ლალი დურმიშიძესთან ერთად, სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო და სამშენებლო პროცესს გაეცნო.
„ახლო მომავალში, გამართული სისტემა გვექნება, რომელიც გამორჩეულია იმით, რომ პირველი მცდელობაა, ფართობების გასარწყავიანება დახურული სქემით დავიწყოთ, რომელზეც წვეთოვანი სისტემები აეწყობა. ეს არის მოდელი, რომელსაც მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები იყენებენ. ეს სისტემები ეკოლოგიას უფრთხილდება, წყლის რესურსებს ზოგავს და მწვანე ეკონომიკის განვითარებას ხელს უწყობს“,- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.