მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა 2022 წლის განმავლობაში მერიის 86 თანამშრომლისთვის ტრენინგების ჩატარებას გეგმავს. მერიამ საჯარო მოხელეთა სატრენინგო მომსახურებისათვის 23 868 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია თანამშრომლებს ტრენინგებს ორი, მენეჯერული უნდარებისა და პიროვნული და პროფესიული განვითარების, მიმართულებით ჩაუტარებს.
მენეჯერული უნარების განვითარებისათვის მერიის 19 თანამშრომელს ტრენინგი შემდეგ თემებზე ჩაუტარდება:
- სტრატეგიული მართვა-დაგეგმვა (სტრატეგიული მენეჯმენტი, გრძელვადიანი და საშუალოვადიანი მიზნებისა და ამოცანების დაგეგმვა);
- მომსახურებისა და ხარისხის მართვა, რისკების მართვა, ცვლილებების მართვა;
- გადაწყვეტილების მიღება, ლიდერობა და გუნდის მართვა, გუნდის გაძლიერება და მოტივირება, გენდერული თანასწორობა და სექსუალური შევიწროების აღმოფხვრა სამუშაო ადგილზე;
- პროფესიული კომუნიკაცია, ეფექტური კომუნიკაცია და ეფექტური მოლაპარაკებები, მედიასთან ურთიერთობა და საჯარო გამოსვლა;
- საჯარო სამსახურის ეთიკა, კონფლიქტების მოგვარება, ორგანიზაციული კულტურა, ანტიკორუფციული პოლიტიკა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი საშუალებები.
რაც შეეხება პიროვნული და პროფესიული განვითარების მოდულს, ამ მიმართულებით ტრენინგს მარნეულის მერიის 67 თანამშრომელი გაივლის, განსახილვევლი თემები კი ადმინისტრაციული წარმოება, საჯარო სამსახურში ეთიკა, პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა და ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა იქნება.
„პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს სატრენინგო თემის წაკითხვა ქართულ ენაზე. სატრენინგო დღეების/ჯგუფების გადანაწილება უნდა მოხდეს შემსყიდველთან შეთანხმებით. მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ტრენინგის სრულყოფილი, ვრცელი სასწავლო მასალის მომზადება ქართულ ენაზე, რომლის ელექტრონული ვერსია უნდა გადაეცეს თითოეულ მონაწილეს. თითოეულ ჯგუფთან ტრენინგის ბოლო დღეს, თითოეულ მონაწილეზე უნდა მომზადდეს და მონაწილეს გადაეცეს ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი).“ – აღნიშნულია საჯარო მოხელეთა სატრენინგო მომსახურების ტენდერში.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ თანამშრომლებისათვის ტრენინგის ჩატარების მომსახურების ტენდერი 18 აპრილს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 24 აპრილიდან 26 აპრილამდე პერიოდში შეეძლებათ.