დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებს ამომრჩეველთა დაზუსტებული საბოლოო სიები გადაეცემათ.
“საარჩევნო კოდექსის” თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიას გადასცემს ცესკოს მიერ დამოწმებულ ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტებულ საბოლოო ვერსიას. საუბნო კომისიებს გადაეცემათ როგორც საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი, ისე საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიები.
საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია, ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (ფოტოსურათების გარეშე) დაუყოვნებლივ გამოაკრას საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.
გარდა ამისა, დღესვე, საოლქო საარჩევნო კომისიამ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას უნდა გადასცეს კენჭისყრის დღეს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციაც. გარდა ამისა, დღესვე იწურება ვადა, როდესაც, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში, ამომრჩეველს გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიისთვის მიმართვა შეუძლია.
“საარჩევნო კოდექსის” თანახმად, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილ ამომრჩეველთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3 პროცენტს. ამ რაოდენობის შევსების შემდეგ ამომრჩეველთა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისმა საოლქო საარჩევნო კომისიამ სხდომაზე დამსწრეთა ორი მესამედით უნდა მიიღოს.
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შესაყვანი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ, გადაამოწმონ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს დასვან საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე ამ ამომრჩევლების გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი. ამ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საუბნო საარჩევნო კომისია.
გადასატანი საარჩევნო ყუთის სია მისი შედგენისთანავე თვალსაჩინო ადგილას გამოიკვრება საუბნო საარჩევნო კომისიისა და კენჭისყრის შენობებში.