19 აპრილის 21:00 საათიდან  20 აპრილის 07:00 საათამდე, რიკოთის გვირაბში მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება

712

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 19 აპრილის 21:00 საათიდან 20 აპრილის 07:00 საათამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

მათივე ცნობით, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის ნაკადი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე გადაერთვება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, გამართული ავტოტრანსპორტით იმოძრაონ და საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს დაემორჩილონ.