საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა სამედიცინო სერვისის სრულფასოვნად და ხარისხიანად მიწოდების მიზნით, ოზურგეთის სასწრაფო დახმარების რაიონულ სამსახურს ახალი, მაღალი გამავლობის რეანიმობილი გადასცა.
ევროსტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი რეანიმობილით ყველა სიმძიმის პაციენტის ტრანსპორტირება იქნება შესაძლებელი და მოსახლეობისთვის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დროულად მიღება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კუტიბაშვილი და ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, თანამშრომლების სამუშაო გარემოს გაეცნენ და მათთან, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
პროექტი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.