ბათუმის მერიის „პერსონალური ასისტენტის“ პროგრამა საუკეთესო პრაქტიკად დასახელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“პროგრამა გასულ წელს ჩაეშვა, რომლის ფარგლებშიც 10-ზე მეტი პერსონალური ასისტენტი გადამზადდა, ხოლო სერვისის მიწოდება მაისიდან დაიწყება”, – აცხადებენ მერიაში.
ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის თქმით, პერსონალური ასისტენტის პროგრამა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სათანადო დახმარებას გაუწევს დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში.
მისივე თქმით, პროგრამა სრულად პასუხობს შშმ პირთა შესახებ ევროკავშირის კონვენციის მოთხოვნებს.
“შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ასისტენტით მომსახურების პროგრამა გულისხმობს მკვეთრად შეზღუდული სტატუსის მქონე უსინათლოთა და ეტლით მოსარგებლე პირთა გადაადგილების მიზნით ასისტენტის მომსახურების დაფინანსებას.
პროგრამის მიზანია აღნიშნულ პირთა დამოუკიდებელ ცხოვრებაში სრულყოფილი ჩართვის ხელშეწყობა”, – განმარტავენ მერიაში.