აჭარაში ტრადიციებისა და ხალხური რიტუალების გზამკვლევი მომზადდება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო რეგიონში დღემდე მოღწეული ხალხური რიტუალებისა და ტრადიციების პოპულარიზაციის მიზნით მის კვლევასა და გზამკვლევად გამოცემას გეგმავს.
მათი ინფორმაციით, კვლევისას აქცენტი ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპთან, საზოგადოებრივ-საოჯახო და სამეურნეო ყოფასთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებზე გაკეთდება.
„აჭარა განსაკუთრებით საინტერესო და მიმზიდველია თავისი ავთენტურობით, იმ არამატერიალური კულტურული ღირებულებებით და წეს-ჩვეულებებით, რომელიც განსაკუთრებით მაღალმთიან აჭარაშია შემორჩენილი. აჭარის ეთნოგრაფიულმა ყოფამ შემოინახა ქართველი ხალხისათვის დამახასიათებელი არაერთი ტრადიცია და რიტუალი, რომლებიც ქართველი ხალხის სამეურნეო საქმიანობას, სულიერ კულტურას, საზოგადოებრივ და საოჯახო ყოფას, ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს უკავშირდება.
ტრადიციები ხასიათდებიან მდგრადობით, სიცოცხლისუნარიანობით და ინახავენ მნიშვნელოვან ინფორმაციას აჭარის ეთნიკური თავისებურებების, აქაურთა ხასიათის, თვითმყოფადობის, კულტურული იდენტობის შესახებ. აღნიშნული გზამკვლევის მიზანი ამ ტრადიციების ასახვა და პოპულარიზაციაა, რადგან სწორედ მათში ვლინდება ეთნოსის უნივერსალობა. მართალია ხალხურმა ტრადიციებმა და რიტუალებმა განიცადეს ტრანსფორმაცია, მაგრამ ზოგიერთი მათგანი დღესაც მეტად აქტუალურია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართულ საზოგადოებაში.
აჭარული ტრადიციებისა და ხალხური რიტუალების გზამკვლევი წლის ბოლოსთვის მომზადდება და მასში ყურადღება მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან, საინტერესო ხალხურ რიტუალებსა და ტრადიციებს დაეთმობა, რომლებიც განსაკუთრებით საინტერესო იქნება, როგორც ტურიზმის მომსახურების სფეროში დაინტერესებული პირებისთვის, ისე ვიზიტორებისთვის“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.