აუდიტი: უხარისხოდ მომზადებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გამო, მუნიციპალიტეტები ხელშეკრულების პირობებს სისტემატურად ცვლიდნენ

556

აუდიტი: უხარისხოდ მომზადებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გამო, მუნიციპალიტეტები ხელშეკრულების პირობებს სისტემატურად ცვლიდნენ, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ მუნიციპალიტეტებში განხორციელებული
ინფრასტრუქტურული პროექტების საზედამხედველო საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტებმა სულ 3616 ინფრასტრუქტურული პროექტი შეისყიდეს, საერთო სახელშეკრულებო ღირებულებით − 1 223 147 600 ლარი. აუდიტის მიერ მშენებლობების პროცესის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ მუნიციპალიტეტების მიერ გაფორმებული 3616 ხელშეკრულებიდან, რომელთა საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გადახდილია 10,641.4 ათასი ლარი, 3016 ხელშეკრულებაში (83%) განხორციელდა სხვადასხვა სახის ცვლილება. აქედან, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირების მიზნით, შეთანხმება გაფორმდა 2547 ხელშეკრულებაში, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში ცვლილებები გამოწვეულია უამინდობის გამო მიწოდების ვადების გადაწევის, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაზრდის, ავანსირების პირობების ცვლილებებით და სხვა მიზეზებით. აღსანიშნავია, რომ 2 და მეტი ცვლილება შეტანილია 2166 ხელშეკრულებაში, ხოლო 460 ხელშეკრულებაში ცვლილებების რაოდენობა 5-ზე მეტია; ზოგ შემთხვევაში ხელშეკრულების პირობები 15-ჯერ ან 20-ჯერაა შეცვლილი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის ანალიზით გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის პროცედურები ხშირ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფდა სათანადო რწმუნების მიღებას შეძენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოქმედ სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობაზე. ასევე, მუნიციპალიტეტები საპროექტო დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარების მომენტში ვერ უზრუნველყოფდნენ უხარისხოდ შესრულებული დოკუმენტაციის იდენტიფიცირებას და მას, ძირითადად, მშენებელი კომპანია გამოავლენდა, სამუშაოების ადგილზე შესრულების მომენტში. შედეგად, უხარისხოდ მომზადებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გამო, ხელშეკრულებებში ცვლილებები შედიოდა სისტემატურად. იმ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში, რაშიც არსებითი ცვლილებები განხორციელდა, ჯამში გადახდილია 7,321.8 ათასი ლარი. მნიშვნელოვანი საპროექტო ხარვეზების მიუხედავად, მუნიციპალიტეტებმა ვერ წარადგინეს ინფორმაცია, რა ღონისძიებები გაატარეს პროექტების ავტორების მიმართ.

როგორც აუდიტი წერს, საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირების შესწავლის პროცესში გამოვლინდა გარემოებები, რითაც აშკარად ჩანს, რომ პროექტი უხარისხოა. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტები არ ატარებენ კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს საპროექტო კომპანიის მიმართ, მაგალითად:

  • საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტში, რაშიც მუნიციპალიტეტმა 31.0 ათასი ლარი გადაიხადა, შეიცვალა შენობის საძირკველი, გადახურვის კონსტრუქცია, დამატებით გახდა საჭირო გაუთვალისწინებელი მოპირკეთების სამუშაოების ჩატარება და სხვ.
  • ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 9-ჯერ შევიდა ცვლილება საბავშვო ბაღის მშენებლობის ხელშეკრულებაში. საპროექტო დოკუმენტაციაში გადახდილი იყო 10.2 ათასი ლარი, თუმცა პროექტში გათვალისწინებული არ იყო ფასადის მოპირკეთების სამუშაოები, არასწორად იყო დაგეგმილი გათბობის სისტემა, დაემატა ეზოს მოწყობის სამუშაოები და სხვ.
  • გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც მუნიციპალიტეტმა დაგეგმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობა, მაშინ როდესაც საპროექტო დოკუმენტაციაში საერთოდ არ იყო ცენტრალური კედლის მოწყობის სამუშაოები გათვალისწინებული.

“პროექტებში არსებული ხარვეზების გამო, იცვლებოდა სამუშაოების მოცულობები ან/და ემატებოდა ახალი სამუშაოები. აღნიშნული ხშირ შემთხვევაში იწვევდა როგორც სახელშეკრულებო თანხების ცვლილებას, ასევე სამუშაოების დასრულების ვადების გაზრდას. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში არსებულმა ნაკლოვანებებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა სამშენებლო სამუშაოების დასრულება: 2547 ხელშეკრულებიდან 2059 (80.8%) ხელშეკრულების ფარგლებში, საერთო ღირებულებით − 740,335.8 ათასი ლარი, სამუშაოები დასრულდა თავდაპირველად განსაზღვრულ პერიოდზე მნიშვნელოვანი დაგვიანებით, მათ შორის, 3 თვეზე მეტი ვადით დაგვიანდა 565 ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულება, საერთო ღირებულებით − 250,059.1 ათასი ლარი, მაგალითად:

2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტებმა 202 ხელშეკრულების ფარგლებში შეისყიდეს საბავშვო ბაღების შენობება-ნაგებობების სხვადასხვა ტიპის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. აქედან, 179 ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებები გაფორმდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის კორექტირებების მიზნით, მათ შორის, 140 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასასრულებლად საჭირო გახდა გაზრდილიყო მიწოდების ვადები და მშენებლობები თავდაპირველად განსაზღვრულ დროზე გვიან დასრულდა. აქედან, 117 ხელშეკრულების ფარგლებში მშენებლობა სასწავლო წლის დასაწყისისთვის ვერ დამთავრდა. აღსანიშნავია, რომ დასახელებული ხელშეკრულებებიდან 38 შემთხვევაში სამუშაოები დაგეგმილ პერიოდს 3 თვეზე უფრო ხანგრძლივი პერიოდით გადასცდა, ხოლო საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გაფორმებული 531 ხელშეკრულებიდან, სასწავლო წლის დასაწყისისთვის ვერ დასრულდა 114 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები. გამოვლენილი გარემოება ადასტურებს, რომ დაწესებულებების მნიშვნელოვან ნაწილში სასწავლო პროცესი დაგეგმილ დროს ვერ დაიწყო”, – ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის დასკვნით, მუნიციპალიტეტებში არ არის შექმნილი სათანადო კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს უხარისხოდ შესრულებული პროექტების გამოვლენას და მათზე სათანადო რეაგირებას. ხარვეზებით ჩაბარებული საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია გავლენას ახდენდა მიწოდების ვადებსა და სახელშეკრულებო ღირებულებაზე და აუარესებდა შემსყიდველის პირობებს. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტების მერიებს რაიმე სახის ღონისძიება საპროექტო დოკუმენტაციის მიმწოდებლების მიმართ არ გაუტარებიათ.