ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, პრემიერმინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის – ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, კულტურისა და დასვენების პარკში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე.
აღნიშნული პროგრამის მიხედვით, მასშტაბური პროექტი მოიცავს პარკის სრულ რეაბილიტაციას, ველობილიკების, სკეიტმოედნის მოწყობას, საბავშვო ატრაქციონების განახლებას, სპორტული და რეკრეაციული სივრცეების შექმნას.
პარკის რეაბილიტაციისთვის თანხა მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოიყო და პროექტის ღირებულება 2 687 700 ლარს შეადგენს.
კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია 2022 წელს დასრულდება.