“უახლოეს მომავალში ვაპირებ არსებულ კომპანიასთან შეხვედრას და იმ საკითხების დაყენებას, რომელიც ყოველ დილით სტუდენტებსა და ძალიან ბევრ ადამიანს დისკომფორტს უქმნის”,- ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ “ინფო რუსთავის” გადაცემაში განაცხადა.
ლაცაბიძის თქმით, მოსახლეობისგან აქვს ინფორმაცია, რომ რიგ მიმართულებებზე, განსაკუთრებით დილით და საღამოს პიკის საათებში რუსთავიდან თბილისში და პირიქით გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
“ძალიან ბევრ სტუდენტს უჭირს გადაადგილება რუსთავი-თბილისის მიმართულებით. მეც მისაუბრია ძალიან ბევრ ახალგაზრდასთან, რომელსაც უწევს სამუშაოდ ან სწავლისთვის თბილისში ჩასვლა. მეუბნებოდნენ, რომ რამდენიმე გაჩერებაა, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი იყრის თავს და ვერ ასწრებს სამარშრუტო ტაქსები მათ გადაყვანას და სიცივეში უწევთ დგომა.
რამდენიმე დღის წინ, დილის შვიდის ნახევრიდან ვაკვირდებოდი ზუსტად ამ ამ გაჩერებებს, შემოვიარე ქალაქის. შარტავაზე ძალიან ბევრი ადამიანი იყო და მეუბნებოდნენ, რომ ფეხით მიდიან ცოტა ქვევით, რომ უფრო ცარიელი დახვდეთ მიკროავტობუსი. ძველი რუსთავიდან სავსე გადის და ახალში ვეღარ ხდება აყვანა. არის გარკვეული პრობლემები, საკმაოდ რთულია ყოველდღიურობაში ამ პრობლემებს შეხვდე, თბილისიდანაც პიკის საათში არის პრობლემები. ფაქტია, რომ ეს საკითხი უფრო სწრაფად არის მოსაგვარებელი.
მიხარია, რომ შიდა სატრანსპორტო სისტემას რეფორმის სახე ჰქონდა, მოგვარდა როგორც ახალი ავტობუსების შემოყვანის თემა, ასევე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, გაჩერებები, აბრები, მონიტორები. ახლა, ვფიქრობ, ჯერია თბილისი-რუსთავის სატრანსპორტო სისტემა გაუმჯობესდეს, მოწესრიგდეს. ეს როგორ ფორმატში მოგვარდება, არსებულის გაუმჯობესება მოხდება, მუნიციპალური იქნება.
უახლოეს მომავალში ვაპირებ არსებულ კომპანიასთან შეხვედრას და იმ საკითხების დაყენებას, რომელიც ყოველ დილით სტუდენტებსა და ძალიან ბევრ ადამიანს დისკომფორტს უქმნის”,- განაცხადა ლაცაბიძემ.