ქუთაისის მერია COVID-19-ით გარდაცვლილი მოქალაქეების დაკრძალვაზე ტენდერს აცხადებს

337

ქუთაისის მერია  კორონავირუსით გარდაცვლილი მოქალაქეების დაკრძალვისათვის  ტენდერს აცხადებს. 32 500 ლარის ღირებულების ტენდერზე წინადადების მიღება 31 დეკემბრს დაიწყება და სამ დღეში დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია  COVID-19 გარდაცვლილი ქუთაისში რეგისტრირებული მოქალაქეების დაკრძალვისა და სარიტუალო მომსახურების  ხარჯებს გაიღებს.

სარიტუალო მომსახურება მოიცავს:

ახალი კორონავირუსის (COVID-19) შედეგად გარდაცვლი ქუთაისში რეგისტრირებული მიცვალებულის გვამის ჩანთაში ჩასვენებას, გარდაცვალების ადგილიდან გადმოსვენებას შემსყიდველის დავალებით განსაზღვრულ ადგილას, გვამის განთავსების ადგილას ატანას შემდგომი დავალებით სასახლეში ჩასვენებას, დაკრძალვის დღეს ჩამოსვენებას, კატაფალკაში შესვენებას. ავტოკატაფალკით მომსახურებას;

აუცილებლობის შემთხვევაში გვამის ექსპერტიზის ბიუროში გადასვენებას და ექსპერტიზის ბიუროდან გადმოსვენებას, განსაზღვრულ ადგილზე ტრანსპორტირებას;

მიმწოდებლი ანუ გამარჯვებული ორგანიზაცია ვალდებულია COVID19 ვირუსის შედეგად გარდაცვლილისთვის სარიტუალო მომსახურების გაწევის პროცესში მონაწილე მომსახურე პერსონალი აღჭურვოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების საშუალებებით;

ასევე, ვალდებულია მომსახურების ღირებულებაში გაითვალისწინოს COVID19 ვირუსის შედეგად გარდაცვლილი მიცვალებულის ჩასადები გვამის ჩანთის, რეინჯერების და ავტოკატაფალკის მძღოლის ეკიპირების ღირებულება;

პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ გარდაცვლილის სასახლის დამზადება უნდა განხორციელდეს მხოლოდ შემსყიდველის (ანუ მერიის) მოთხოვნის შემთხვევაში. გარდაცვლილის პატრონის მოთხოვნით, საკუთარი სახსრებით, ძვირად ღირებული სასახლის შეძენის შემთხვევაში არ მოხდება სასახლის ღირებულების ანაზღაურება.