საჯარო სკოლებში, სამედიცინო კაბინეტებში (შტატგარეშედ) დასაქმებული ექიმები, 600 ლარს მიიღებენ, ექთნები – 500 ლარს.
ამის შესახებ „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ დადგენილებაშია აღნიშნული.
„საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სამედიცინო კაბინეტის ფუნქციონირების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მიერ შერჩეულ საჯარო სკოლებს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, ყოველთვიურად გამოეყოფა დამატებითი დაფინანსება საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო კაბინეტში დასაქმებული თითოეული შტატგარეშე მოსამსახურის შრომის ანაზღაურებისათვის, სკოლის ექიმის შემთხვევაში − 600 ლარის, ხოლო სკოლის ექთნის შემთხვევაში − 500 ლარის ოდენობით და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო შენატანისთვის − დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით“, – ვკითხულობთ ახალ დადგენილებაში.
შეგახსენებთ, რომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტები დღეისათვის 648 დიდ კონტინგენტიან სკოლაში ფუნქციონირებს.