ქარელში დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღი აშენდა

422

ქარელში, დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, 60 აღსაზრდელზე გათვლილი, საბავშვო ბაღი აშენდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სრულად არის აღჭურვილი და ბავშვებისთვის საუკეთესო გარემოა შექმნილი, – ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ შესრულებული სამუშაოები მოინახულეს და ბავშვებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.

პროექტი გერმანიისა და საქართველოს მთავრობების თანამშრომლობის შედეგად გამოყოფილი გრანტის ფარგლებში ხორციელდება და ქვეყნის მასშტაბით, დევნილთა დასახლებებში, 7 საბავშვო ბაღის მშენებლობასა და 3 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.