„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვირვებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 2017 წლის 1 ივნისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით გამოიკვეთა რამდენიმე ნეგატიური ტენდენცია, რასაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოეხდინა საარჩევნო პროცესზე. განსაკუთრებით პრობლემური იყო საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული თანამშრომლების საარჩევნო კამპანიაში ჩართვა.
საანგარიშო პერიოდში ორგანიზაციამ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევებზე სულ 16 საჩივარი შეიტანაცენტრალურ და სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიებში. მათგან დაკმაყოფილდა ერთი, არ დაკმაყოფილდა 10 საჩივარი, ხოლო განხილვაშია 5 საჩივარი.
ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება
ადმინისტრაციული რესურსების სხვა სახეობებთან შედარებით, ამ ტიპის რესურსის არამიზნობრივი გამოყენება ყველაზე მეტად პრობლემური იყო.
-
ფაქტობრივად, ყველა რეგიონში ჰქონდა ადგილი მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ საარჩევნო ღონისძიებებზე საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების მასშტაბურ მობილიზებას. მიუხედავად იმისა, რომ რთული აღმოჩნდა ისეთი ადამიანების მოძიება, რომლებიც საჯაროდ იტყოდნენ, რომ ისინი აიძულეს შეხვედრაზე მისულიყვნენ, ჩვენთან საუბარში რამდენიმე საჯარო მოსამსახურე უკმაყოფილებას გამოთქვამდა მიღებული ინსტრუქციის გამო. საარჩევნო კამპანიისთვის საჯარო მოსამსახურეთა მსგავსი მობილიზება, მინიმუმ ხელს უწყობს საჯარო სამსახურის უკიდურეს პოლიტიზებას.
-
გარკვეული კითხვები გააჩინა ახალი გენერალური აუდიტორის გადაწყვეტილებამ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შეეცვალა მოადგილე ნინო ლომჯარია, რომელიც პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგის საკითხს ზედამხედველობდა.
-
საგანგაშო იყო მედიაორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაცია თბილისის ბაგა-ბაღების დირექტორების მიერ „ქართული ოცნების” მხარდამჭერთა სიების შეგროვების შესახებ. არსებობს აუდიოჩანაწერები, რომელთა მიხედვითაც, ბაგა-ბაღების დირექტორებს, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე აძლევდა უკანონო ბრძანებებს. მიუხედავად ამისა, საქართველოს პროკურატურამ გამოძიების დაწყების საფუძველი ვერ დაინახა, რაც გაუგებარია.
-
ჩვენ მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში გამგებლის წარმომადგენელმა ლადო შველიძემ პარტია „ქართული ოცნების” შტაბის უფროსს დავით კოდუას საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა სია მიაწოდა, პირადი ნომრებისა და ვინაობების მითითებით, სადაც სიის ნაწილს პლიუს ნიშნები, ნაწილს მინუსის, ხოლო ნაწილს კითხვის ნიშნები ჰქონდა მითითებული. მიგვაჩნია, რომ ამ ფაქტით გარდა „საარჩევნო კოდექსისა”, რომლის თანახმადაც საარჩევნო მიზნებისთვისთანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენება იკრძალება, შესაძლოა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონიც დაირღვა.
-
დაფიქსირდა უკანონო აგიტაციის ათეულობით ფაქტი, მათ შორის, სოციალური ქსელების მეშვეობით. ჩვენ მიერ აღმოჩენილ ყველა შემთხვევაში, „ფეისბუქის” მეშვეობით საჯარო მოხელეების მიერ გაწეული უკანონო აგიტაცია განხორციელებული იყო მმართველი პარტიის სასარგებლოდ.
აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება
-
მნიშვნელოვან პრობლემად წარმოჩინდა საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით დასანიშნი წევრების შერჩევის პროცესი. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საუბრობდნენ იმაზე, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებს ჰქონდათ წინასწარი სიები იმ კანდიდატებისა, რომლებიც „ქართული ოცნების” მიმართ ლოიალობის გამო უნდა დანიშნულიყვნენ საუბნო საარჩევნო კომისიებში. მაგალითად, თელავში ოპოზიციური პარტიის მიერ წინასწარ გასაჯაროებული სია ჩვენ შევადარეთ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მოგვიანებით არჩეულ წევრთა სიას და ისინი სრულად დაემთხვა ერთმანეთს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ეჭვს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება ფორმალურ ხასიათს ატარებს და გადაწყვეტილება მმართველი პარტიის შიგნით მიიღება.
-
საანგარიშო პერიოდში ყურადღების ცენტრში მოექცა დმანისის მუნიციპალიტეტი, სადაც მოქმედი გამგებელი და მერობის კანდიდატი გოგი ბარბაქაძე, რომელიც მმართველმა პარტიამ კანდიდატად აღარ წარადგინა, “ქართულ ოცნებას” საკუთარი კანდიდატურის მოხსნის იძულებაში ადანაშაულებდა. მისივე ინფორმაციით, სოფელ ირგანჩაიში მმართველი პარტია მოსახლეობას მათი ხმების მისაღებად ყურანზე დაფიცებას აიძულებდა. შსს-ის ინფორმაციით ამ ფაქტებზე, რასაც ადგილობრივებიც ადასტურებდნენ, გამოძიება დაიწყო.
სამართლებრივი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება
-
ბევრი კითხვა გააჩინა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების წარმომადგენლების, ე.წ. სოფლის რწმუნებულების საშტატო ნუსხიდან არამუდმივ თანამდებობებზე გადაყვანამ. ეს ცვლილება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გამგებლების 168 წარმომადგენელს შეეხო. მსგავსი რამ მოხდა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენი აზრით, ეს ქმედებები საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო იყო და საარჩევნო პროცესებზე უარყოფით გავლენა შეიძლება ჰქონოდა, მითუმეტეს, რომ რამდენიმე სოფლის რწმუნებული ჩვენთან კონფიდენციალურ საუბარში გამოთქვამდა ვარაუდს, რომ მათი თანამდებობაზე დარჩენა დამოკიდებული იქნებოდა ადგილობრივ არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ კონკრეტულ სოფლებში ნაჩვენებ შედეგებზე.
რეკომენდაციები
-
პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს” მოადგილის მხრიდან ბაგა-ბაღების დირექტორებზე უკანონო ბრძანებების გაცემის სავარაუდო ფაქტზე;
-
საჭიროა, საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით დასანიშნი თანამდებობის შევსების პროცესის მეტი რეგლამენტაცია და მკაფიო საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩამოყალიბება. უნდა შემუშავდეს კანდიდატთა შერჩევის ისეთი პროცედურები, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანენ იმის შანსებს, რომ პოლიტიკური პარტიების აქტივისტები დაინიშნონ ამ თანამდებობებზე;
-
საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა თავი უნდა შეიკავონ მათზე დაქვემდებარებული საჯარო მოხელეების წინასაარჩევნო აგიტაციაში უკანონო ჩაბმისგან;
-
საჯარო მოხელეებმა სამუშაო საათებში არ უნდა გაწიონ აგიტაცია, მითუმეტეს, თუ ისინი აგიტაციისას იყენებენ ადმინისტრაციულ რესურსებს;
საბოლოო ანგარიში ნოემბერში გამოქვეყნდება.