ზუგდიდის მერია: მუნიციპალიტეტის მერია საუკეთესო პრაქტიკისთვის დაჯილდოვდა

462

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია გენდერული თანასწორობისა და ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკისთვის დაჯილდოვდა.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში სულ 12 გამარჯვებული მუნიციპალიტეტი დააჯილდოვა.

„გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) – ,,ადგილობრივი და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა საქართველოში’’ მხარდაჭერით გამართულ, რიგით მეოთხე ეროვნულ კონფერენციას ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორი, დავით მელუა უძღვებოდა.

სპეციალური პრიზები და სიგელები ასევე მიიღეს: ქუთაისის, ფოთის, ხარაგაულის, სენაკის, ცაგერისა და ქედის, ასევე, ბოლნისის, ბაღდათის, ლაგოდეხის, ხელვაჩაურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებმა.

ათეა-ს ექსპერტის განმარტებით, BPP-ის კონკურსზე გამარჯვებული 12 თვითმმართველი ერთეულის საკონკურსო პროექტები, სპეციალურად შექმნილმა შეფასების კომისიამ და კონკურსის მმართველმა კომიტეტმა გამოავლინა.

თვითმმართველი ერთეულების პირველ პირებს სპეციალური ჯილდოები და სიგელები მზია გიორგობიანმა და ნიკო თათულაშვილმა გადასცეს.

BPP ევროპის საბჭოს მიერ აღიარებული და მის წევრ ქვეყნებში ფართოდ გამოყენებული ინსტრუმენტია, რომელიც მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული წარმატების მაგალითების გამოვლენასა და სხვა მუნიციპალიტეტებში მათ გამოყენებას ისახავს მიზნად.

პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) – „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ პროექტის, ასევე შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.