ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს, მგზავრობა არის უფასო – ეს არის ჩემთვის მთავარი, პრინციპული და მნიშვნელოვანი,- ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„სისტემა, რომელიც ჩვენ შემოვიღეთ, სიახლე არ არის. მე ამაზე ჯერ კიდევ 2017 წელს ვსაუბრობდი, როდესაც დავიწყეთ სატრანსპორტო რეფორმა. მაშინ გავაკეთე განცხადება და ვთქვი, რომ ვიცი მოგვიწევს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რომელიც შეიძლება მტკივნეული იყოს ვიღაცისთვის, მაგრამ მე ამ გადაწყვეტილებებში პოლიტიკას არ ჩავრევ, არ მივიღებ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც შეიძლება პოლიტიკურად ჩემთვის მომგებიანი იყოს, მაგრამ ამ სფეროსთვის და ამ მიმართულებისთვის დამაზიანებელი. ისევე, როგორც ჭავჭავაძის გამზირი გავაკეთეთ პროექტის სახით და ერთ-ერთი საჩვენებელი ქუჩაა, ასეთივე არის ეს აბონემენტების სისტემა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა აბონემენტის სისტემის უპირატესობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ პირველი უპირატესობა არის ის, რომ ის ულიმიტოა.
1 თებერვლიდან თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ვადიანი აბონემენტები დაინერგება.