შემოგვაქვს სააბონემენტე, ულიმიტო სისტემა 1 თებერვლიდან დაინერგება და შევა ძალაში, თუმცა, 1 თებერვლამდე, საზოგადოებას, მეტროს, მიკროავტობუსისა და ავტობუსის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ აბონემენტები 5 იანვრიდან.
აბონემენტები გაიყიდება მეტროს სალარობსა და „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალებში, სადაც ახალი ბარათები და აბონემენტები გაიყიდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძს თქმით, იმოქმედებს, როგორც 90-წუთიანი, ასევე, ერთთვიანი და ერთწლიანი სააბონემენტო სისტემა.
“ულიმიტო, 90-წუთიანი ბარათი (1 ლარი) – იმ ადამიანებს, რომლებიც ხშირად არ მგზავრობენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და არ სჭირდებათ შეღავათიან ფასში ხანგრძლივვადიანი ბარათის შეძენა, 90 წუთის განმავლობაში, ერთ ლარად შეეძლებათ ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა – მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი, სადაც გადაჯდომისას, 90 წუთის განმავლობაში, დამატებით თანხას არ გადაიხდიან;
ულიმიტო, ერთდღიანი ბარათი (3 ლარი) – ერთდღიანი ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი დღის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მხოლოდ სამ ლარად;
ულიმიტო, ერთკვირიანი ბარათი (20 ლარი) – ერთკვირიანი ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი კვირის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 20 ლარად. ეს ბარათი ძირითადად, ტურისტებზეა გათვლილი;
ულიმიტო, ერთთვიანი ბარათი (40 ლარი) – ერთთვიანი ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი თვის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მხოლოდ 40 ლარად. ეს ჩვენი გათვლებით, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბარათი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინაიდან ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე აქტიურ მომხმარებლებს დღეში საშუალოდ, ორი ტიპის ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ, რაშიც ყოველთვიურად 50-60 ლარს იხდიან. აღნიშნული ბარათის მფლობელები კი თვის განმავლობაში, საშუალოდ, 10-დან 20 ლარამდე ეკონომიას გააკეთებენ);
ულიმიტო, სამთვიანი ბარათი (100 ლარი) – ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის);
ულიმიტო, ექვსთვიანი ბარათი -(150 ლარი) – ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის, ვინაიდან ამ ბარათის მომხმარებლის სატრანსპორტო დანახარჯი თვეში მხოლოდ 25 ლარს შეადგენს;
ულიმიტო, ერთწლიანი ბარათი (250 ლარი) – ერთწლიანი ბარათის მფლობელს თვეში მხოლოდ 20 ლარად შეეძლება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ულიმიტოდ სარგებლობა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ შეძლებენ მგზავრობას თბილისში რეგისტრირებული უსინათლო პირები, მათი თანმხლები და გამცილებელი პირები, მოსწავლეები, უბნის ინსპექტორები, ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები, თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლები, თბილისში რეგისტრირებული სამხედრო ძალების ვეტერანები.
20 თეთრად მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და პროფესიული დაწესებულების სტუდენტები, საჯარო, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები, პენსიონერები, თბილისის საკუთრებაში არსებულ პოლიკლინიკებში დასაქმებული უბნის ექიმები, პედიატრები და ოჯახის ექიმები, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე მანდატურები და სხვა;
10 თეთრად მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, 70 ათასი და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე, თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები.