თბილისის მერია, 24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, თბილისის მოსახლეობას და დედაქალაქის სტუმრებს საახალწლო სოფელში იწვევს, რომელიც ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღში, მშრალი ხიდის ტერიტორიასა და დედაენის ბაღში იქნება განთავსებული.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, „საახალწლო სოფელი“ ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის არის განკუთვნილი და მასში ყოველდღიურად სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები გაიმართება.
“წარმოდგენილი იქნება ქართული პროდუქტები, მათ შორის, ტკბილეულობა, ასევე, ატრაქციონები ბავშვებისთვის. ზოგადად, ყველა თაობისთვის არის შესაბამისი სივრცე, შესანიშნავი გარემოა და ძალიან ლამაზია. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი მოვა. გარდა ამისა, ყოველდღე გაიმართება სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები – წარმოდგენები ბავშვებისთვის, კონცერტები, ელექტრონული მუსიკის საღამოები. ყოველდღე იქნება გასართობი პროგრამა 14 იანვრამდე“, – განაცხადა კახა კალაძემ.