თბილისის მერია, დღეიდან 14 იანვრის ჩათვლით, თბილისის მოსახლეობას და დედაქალაქის სტუმრებს საახალწლო სოფელში იწვევს, რომელიც ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღში, მშრალი ხიდის ტერიტორიასა და დედაენის ბაღში იქნება განთავსებული.
გახსნის სამზადისს დღეს, თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, „საახალწლო სოფელი“ ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის არის განკუთვნილი და მასში ყოველდღიურად სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები გაიმართება.
„ხვალიდან ოფიციალურად გაიხსნება საახალწლო სოფელი. დღის პირველი საათიდან სტუმრებს ექნებათ მოსვლის შესაძლებლობა. წარმოდგენილი იქნება ქართული პროდუქტები, მათ შორის, ტკბილეულობა, ასევე, ატრაქციონები ბავშვებისთვის. ზოგადად, ყველა თაობისთვის არის შესაბამისი სივრცე, შესანიშნავი გარემოა და ძალიან ლამაზია. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი მოვა. გარდა ამისა, ყოველდღე გაიმართება სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები – წარმოდგენები ბავშვებისთვის, კონცერტები, ელექტრონული მუსიკის საღამოები. ყოველდღე იქნება გასართობი პროგრამა 14 იანვრამდე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საახალწლო სოფელში განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები, სინთეტიკური ყინულის მოედანი, ღია კინოთეატრი, გიგანტური ზღაპრის წიგნი და მეზღაპრე, საახალწლო ბაზრობა, კვების ობიექტები, ტკბილეულობის ფესტივალი, საბავშვო ატრაქციონები, დეკორირებული ნაძვის ხე და თოვლის ბაბუის სახლი.
დღის საათებში, საახალწლო სოფელში პატარებისთვის მოეწყობა გიგანტური სანტას მსვლელობა და საბავშვო-გასართობი შოუები და კონცერტები, საღამოს კი უფროსებისთვის, საესტრადო შემსრულებლების, მუსიკალური ბენდების და ელექტრონული მუსიკის წარმოდგენები გაიმართება.
საახალწლო სოფელი 24 დეკემბერს, 13:00 საათიდან ამოქმედდება, ხოლო 20:00 საათზე, დედაენის ბაღში დაგეგმილია გახსნის ცერემონია. 14 იანვარს ის დიდი მუსიკალური შოუ-პროგრამით დაიხურება.
საახალწლო სოფლის ყოველდღიური პროგრამა:
ორბელიანის მოედანი – 24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით 12:00 – 20:00
სანტას სახლი და ფოტოზონა თოვლის ბაბუასთან ერთად; საბავშვო ვორქშოფი; საახალწლო ბაზარი (სამეწარმეო და კვების ზონები); ზღაპრის გმირები; საბავშვო-გასართობი შოუ-კონცერტები; ქუჩის მარში გიგანტურ სანტასთან ერთად; ინსტალაციები: გიგანტური ნაძვის ხის სათამაშოები, „სანტას გადაფრენა“
19:00 – 22:00 მუსიკალური საღამოები; ელექტრონული მუსიკა
ათონელის ქუჩა – 24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით
12:00 – 20:00 – საციგურაო მოედანი; ქუჩის მარში გიგანტურ სანტასთან ერთად; ტკბილეულის ბაზარი; ზღაპრის გმირები; ინსტალაციები: კომეტა, გიგანტური ელფები, გიგანტური საახალწლო მანათობელი სათამაშოები, ჟონგლიორი ელფები, საახალწლო ლამპიონები, Moet & Chandon და ნაძვის ხე
დედაენის ბაღი- 24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით – 12:00 – 20:00
საახალწლო ბაზარი (სამეწარმეო და კვების ზონები); ზღაპრის გმირები; კინოთეატრი; გიგანტური ზღაპრის წიგნი და მეზღაპრეები; ქუჩის მარში გიგანტურ სანტასთან ერთად; ინსტალაციები: გიგანტური გირჩები, ანბანი, გიგანტური საახალწლო სათამაშო, კარუსელი, გიგანტური ვარსკვლავი, გიგანტური კანფეტები
19:00 – 22:00 – მუსიკალური საღამოები; ელექტრონული მუსიკა
9 მარტის ბაღი – 24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით – 12:00 – 20:00 საბავშვო ატრაქციონები.