ახმეტის სოფელ ბაბანეურის მოსახლეობამ საძოვრის აუქციონზე გატანა გააპროტესტა

480

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბანეურის მოსახლეობამ საძოვრის აუქციონზე გატანა და შესაძლო გასხვისება გააპროტესტა. ადგილობრივების ნაწილმა აქცია გამართა და პროცესის შეჩერება მოითხოვა.

მათი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე ყიდის მიწას, რომელიც წლებია სოფლის კუთვნილებაა.

ადგილზე იმყოფებოდა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური. მისი განმარტებით, აუქციონზე გატანილი მიწა არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას და გადაწყვეტილებას ეკონომიკის სამინისტრო იღებს. თუმცა, მერი მიიჩნევს, რომ ადგილობრივების პროტესტი სამართლიანია და პრობლემების მოსაგვარებლად, კომუნიკაცია აქვს შესაბამის უწყებასთან.

საუბარია 9 ჰექტარ მიწის ფართობზე, სადაც დაინტერესებული მხარე სავარაუდოდ, სასტუმროს ააშენებს.